გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალდებას უარყოფს. გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ ქუთათელაძე მას არ მოუკლავს. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა. ადვოკატის მტკიცებით, გიორგი ჭანტურიას საქმესთან შემხებლობა არ აქვს და ის უკანონო პატიმარია.
„გიორგი ჭანტურია აცხადებს იმას, რომ მას არ მოუკლავს სამსონ ქუთათელაძე და მას მკვლელობის საქმესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. მტკიცებულებები საქმეში, რომელიც დაადასტურებდა გიორგი ჭანტურიას მიერ მკვლელობის ჩადენას, არ არსებობს. გიორგი ჭანტურია არის აღნიშნულ დანაშაულში აბსოლუტურად უმოტივოდ დაკავებული, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვერსიებს შემოგთავაზებთ მას შემდეგ, რაც უკვე გავეცნობით საქმის მასალებს. ვინაიდან, გამოკითხულია ძირითადი ნაწილი მოწმეების, იანვრის თვეში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დღეს უკვე მათ შეცვლილი აქვთ ჩვენებები, ისიც პოლიციის ზეწოლის მიერ, ჩადებულია იარაღები,“ - განაცხადა ანი კეკენაძემ.
გიორგი ჭანტურია ბრალი, ოფიციალურად, ჯერჯერობით არ წარდგენია, შესაბამისად, ადვოკატებს საქმის მასალები არ გადასცემიათ. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში დევს როგორც აუდიო ჩანაწერები, ასევე მოწმეთა ჩვენებები, რის საფუძველზე მკვლელობიდან 8 თვის შემდეგ, გიორგი ჭანტურიას დააკავეს.
გავრცელებული ცნობით, ამ წუთებში რუსთავის სამხარეო პოლიციის შენობაში მიმდინარეობს მისი ცოლის გამოკითხვა.