აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, რუსულ მავთულხლართებთან ახლოს ქართული ჯვარი აღიმართა. ეს ტერიტორია, საკმაოდ ახლოს მდებარეობს ე.წ. საოკუპაციო ხაზთან.
საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ აძვში მდებარე სამების ეკლესიასთან სიმბოლო სინოდის წევრებმა აკურთხეს. სამების ეკლესიაში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ იქადაგა. პროცესს ვატიკანის წარმომადგენელიც დაესწრო.
„10 წელი შესრულდა აგვისტოს მოვლენებიდან და ჩვენ, სოფელ აძვში აღვმართეთ ჯვარი. ჯვარი არის სიმბოლო, ბოროტებაზე გამარჯვების და ჯვარცმას შემდგომ მოყვა აღდგომა. ჩვენც ამ მოლოდინში ვართ. ჩვენ გვწამს, რომ ბოროტება დამარცხდება. ჩვენ არ ვართ მტერი არავისთვის. თუ ვიღაცა გვმტრობს ჩვენ, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი თანაარსებობა,“ - განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ.
ჯვრის აღმართვაზე სამების ეკლესიაში შეიკრიბნენ სოფელ აძვისა და სხვა მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ამ ტერიტორიაზე დიდი ხანია არ ყოფილან, რადგან ეკლესია მავთულხლართებთან ახლოს მდებარეობს.
„შიშის ქვეშ ვცხოვრობთ. იქით რომ გვესმის სროლის ხმა, ბევრჯერ მიფიქრია, რომ საცაა აქეთ გადმოვლენ და 2008 წელი განმეორდება,“ - აღნიშნა სოფელ აძვის მცხოვრებმა, ნინო თომაშვილმა.
ჯვრის აღმართვას დაესწრო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მამუკა ცოტნიაშვილი.
„ადამიანებს არ უნდა დაგვავიწყდეს ის ეპოქა, რომელიც დაახლოებით 10 თუმდაც 15 ან 20 წლის წინ არსებობდა ამ რეგიონში,“ - აღნიშნა მამუკა ცოტნიაშვილმა.
სასულიერო პირები ამბობენ, რომ ჯვრის აღმართვის შემდეგ, წმინდა სამების ეკლესია სოფელ აძვში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედო იყო, ახლა აქტიური გახდება და ის მორწმუნეებს ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან მიიზიდავს.