8 აგვისტო - ყველაზე მძიმე და ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. გორში აგვისტოს 5 დღე, დღეს "კურიერის" კამერასთან გაიხსენეს. ადგილობრივებმა ისაუბრეს იმ მძიმე წუთებზე, როდესაც რუსული ბომბდამშენების გადაფრენის შემდეგ, მათ ირგვლივ მათი ახლობლები იღუპებოდნენ. გორში ჰყვებიან იმასაც, თუ როგორ იხსნა 12 რეზერვისტის სიცოცხლე მოხუცმა ქალმა, რომელმაც ისინი სარდაფში გადამალა.
ომიდან 10 წლის შემდეგ ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა.
გორში მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობენ. ადგილობრივების განცხადებით, მათ დიდ ნაწილს მთავრობამ დახმარება მოუხსნა, რითაც ბიუჯეტში ფული დაზოგა.
გორს 2008 წლის კვალი დღესაც ეტყობა, რადგან დაბომბილი ეზოებიდან ომის კვალის წასაშლელად და ახალი გზების დასაგებად თანხები ამ დრომდე ვერ გამოიძებნა.
5 დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1747 ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.