17 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
გენერალ სამსონს ქუთათელაძის სასტიკი მკვლელობა - გიორგი ჭანტურია მეორედ დააკავეს

გენერალ სამსონს ქუთათელაძის სასტიკი მკვლელობიდან 8 თვის შემდეგ, სამართალდამცველებმა გიორგი ჭანტურია დააკავეს. ყოფილ პროკურორს გამოძიება განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. სამართალდამცველებმა ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას 3 ავტომატი, და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ყოფილი პროკურორი კი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება.

გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა ამ საქმეზე უკვე მეორედ დააკავეს. პირველად, 2018 წლის 15 იანვარს გენერალ ქუთათელაძის მკვლელობიდან მეორე დღეს, თუმცა რამდენიმე საათში ის ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინიტროს მტკიცებით, ამჯერად დაკავებულის წინააღმდეგ საქმეში აუდიო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და არაერთი მტკიცებულება დევს. მკვლელობის ოფიციალურ მოტივად საგამოძიებო უწყება ყოფილ პარტნიორებს შორის ბიზნეს წილებზე დაპირისპირებას ასახელებს.

ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება ქუთათელაძესა და ჭანტურიას შორის ე.წ. ”სტამბოლის ბაზრის ”გამო, თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. დაპირისპირებული მხარეები მოვაჭრეებს ვერ იყოფდნენ.

ბაზრის მფლობელი, საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, მოკლული სამსონ ქუთათელაძე, უზიელ ნონი და ისრაელის კიდევ ერთი მოქალაქე, დავით შათაშვილი იყვნენ. ამავე ტერიტორიაზე მიწას და დახლებს ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურიაც ფლობდა. ბაზრის რემონტის შემდეგ, მოვაჭრეებმა ჭანტურიას კუთვნილი დახლები დატოვეს და სავაჭროდ ქუთათელაძის კუთვნილ ბაზარში გადავიდნენ. მომხმარებლების გარეშე დარჩენილი ჭანტურიას ურთიერთობები სამსონ ქუთათელაძესთან დაეძაბა. 

გამოძიებას ნდობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახი. სამსონ ქუთათელაძის მეუღლე დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი გიორგი ჭანტურიამ მოკლა და მოტივი თვეების განმავლობაში, მათ შორის არსებული კონფლიქტი გახდა.

განსხვავებული პოზიცია აქვს გიორგი ჭანტურიას ოჯახს. მათი მტკიცებით, ყოფილი პროკურორი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დროს ბაზრის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა და შესაბამისი მტკიცებულებაც აქვთ. ჭანტურიები და მათი ინტერესების დამცველები სამართალდამცველებს იარაღის ჩადებაშიც ადანაშაულებენ.

 

დღის ამბები