თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ილია ჭავჭავაძის 80 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის ცვლილებას აპროტესტებს.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ამბობენ, რომ ზონალური ცვლილება ინფრასტრუქტურის მინისტრის ოჯახის სასარგებლოდ ხდება, რადგან ეს ტერიტორია მაია ცქიტიშვილის მეუღლის საკუთრებაა. განაშენიანების რეგულირების გეგმაში შესატან ცვლილებაზე დღეს უნდა იმსჯელონ საკრებულოს სხდომაზე.
”ჭავჭავაძის 80 ნომერში, რომ საშუალებას აძლევენ იმის, რომ ზონალური ცვლილება მოხდეს მაია ცქიტიშვილის ოჯახის წევრებისთვის, გამონაკლისს რატომ უშვებენ, როცა 500 კვ მაინც უნდა იყოს თუ რაიმე უნდათ, რომ შეიცვალოს, ამ წესს ვერ აკმაყოფილებს. უკაცრავად, მაგრამ ეს ოდესმე უნდა დამთავრდეს ამ ქალაქში მაღალი თანამდებობის პირებისთვის ესეთი ძღვენის გაკეთება თბილისელების ხარჯზე,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ოპოზიციის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს საკრებულოს უმრავლესობა. მმაღთველ გუნდში ამბობენ, რომ მათთვის უცნობია ვის ეკუთვნის აღნიშნული ტერიტორია.
„არ ვიცი ეს მიწა ვისია. ეს არის ოპოზიციის ნათქვამი, რომ არის კონკრეტული ადამიანის,“-განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა.