17 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"მე თვითონაც ვერ ვცნობ მის ხმას" - გიორგი ჭანტურიას მეუღლის მტკიცებით, საქმეში არსებული აუდიო-ჩანაწერი ფალსიფიცირებულია

აუდიო ჩანაწერები გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში - ბრალდებული გიორგი ჭანტურიას ოჯახი ამტკიცებს, რომ ჩანაწერები ფალსიფიცირებულია. საუბარია ბრალდებულის დის სატელეფონო საუბარზე, სადაც მარიამ ჭანტურია მისი ძმის საეჭვო ნივთის შესახებ საუბრობს, რომელიც მათ სახლში ინახებოდა.

ბრალდებულის მეუღლე ანა ხურცია აცხადებს, რომ აუდიო ჩანაწერში მისი მულის ხმა არ არის.

„არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. ჩემს ქმარს ჩემთან, ოჯახში მსგავსი რამე არ უხსენებია. ჩემი მული კატეგორიულად უარყოფს მსგავს საუბარს. მე თვითონაც ვერ ვცნობ მის ხმას. მით უმეტეს თვითონ ვერ ცნობს ვის ესაუბრება იმ ჩანაწერში,“-განაცხადა ანა ხურციამ.

გიორგი ჭანტურიას მეუღლე ამტკიცებს, რომ მის ქმარს მომხდართან არაფერი აკავშირებს. ანა ხურციას განცხადებით, მისი მეუღლე მკვლელობის დღეს იმყოფებოდა რუსთავში, თუმცა მას დანაშაული არ ჩაუდენია. მისივე თქმით, გიორგი ჭანტურიას მოკლულთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა.

რაც შეეხება იარაღს, რომელიც ჭანტურიების სახლიდან ამოიღეს, ანა ხურციას თქმით, მას ეს იარაღი მანამდე სახლში არასდროს უნახავს.

ამ წუთებში სასამართლო გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. 

ყოფილ პროკურორს განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს ბრალი. 

დღის ამბები