17 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
დატბორილი ბათუმი, ოზურგეთი, სენაკი, მარტვილი, ხობი - სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი სავარაუდოდ, ათობით მილიონს აჭარბებს

ბათუმი, ოზურგეთი, სენაკი, მარტვილი და ხობი - სტიქიამ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქი დააზარალა. გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა სახლებში შეაღწია.  განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები და მოსავალი, დახოცილია პირუტყვი და შინაური ფრინველი.

სანიაღვრე სისტემებმა უხვი ნალექის გატარება ვერ შეძლო. დატბორილია ქუჩები, მათშორის ბათუმიც, სადაც მთელი დღის განმავლობაში გადაადგილება შეუფერხებლად მხოლოდ ნავით იყო შესაძლებელი.

სტიქიამ დააზარალა მახინჯაურიც. ადგილობრივები ყვებიან რომ ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანის სამუშაოების დროს, გადამზიდავმა კომპანიამ რამდენიმე მილი ისე გაიყვანა რომ უსაფრთხოების ნორმები არ გაითვალისწინა და არც მოსახლეობის მითითებას დაუჯერა, სწორედ ამას უკავშირებენ მახინჯაურის მკვიდრები მათი ეზოებისა და სახლების დატბორვას.

მთელი ღამე გადაუღებელმა წვიმამ რთული ვითარება შექმნა ხობში. მოსახლეობას სახლები წყლით დაეტბორა, რამდენიმე ოჯახს ღამის გათენება მიკროავტობუსში მოუწია.

ამ ეტაპზე უცნობია რა ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტებს. ზუსტ თანხას ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაითვლიან. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი სავარაუდოდ ათობით მილიონს სცდება.

ავტორები: თეა ვაშალომიძე, ემა გოგოხია. 

დღის ამბები