ბასიანი მოსკოვში - აგვისტოს ომის ათი წლის თავზე პოპულარული ქართული ღამის კლუბის, მოსკოვური ტურნე ინტერნეტით დაანონსდა, თუმცა, მალევე გაუქმდა.
15 სექტემბერს კლუბ „ბასიანის“ 3 რეზიდენტს რუსეთის დედაქალაქში უნდა დაეკრა. ონლაინ აფიშის გამოჩენას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ის, ვინც ბასიანის მხარდამჭერ აქციებზე იდგა და კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდა, ამბობს, რომ იმედგაცრუებულია და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ბასიანი ოკუპანტ ქვეყანაში ღონისძიებების გამართვას დათანხმდებოდა.
საზოგადოების ნაწილის პროტესტის შემდეგ ”ბასიანმა” რუსეთში დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა. კლუბის ხელმძღვანელობის მტკიცებით, მოსკოვში ისინი საპროტესტო ღონისძიებაში გეგმავდნენ მონაწილეობას და მათ რეზიდენტებს იმ კლუბების მხარდასაჭერად უნდა დაეკრათ, რომლებიც პუტინის რეპრესიული რეჟიმს არაერთხელ ემსხვერპლნენ.
გაუქმებული ღონისძიება და საზოგადოების ნაწილის პროტესტი მიუღებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ”ბასიანის” მოსკოვში წასვლას არ ეწინააღმდეგებოდნენ.
მხატვარი გია ბუღაძე დარწმუნებულია, რომ პოპულარული ახალგაზრდების მოსკოვში მიწვევა ადასტურებს, როგორი პოლიტიკა აქვს პუტინს და როგორ ცდილობს საქართველოში რბილი ძალის კიდევ უფრო გააქტიურებას.
ქართველი არტისტები კი, რომლებიც მოსკოვში წასვლას აპირებდნენ, რუსეთში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ამბობენ, რომ მისი ორგანიზატორები ემიჯნებიან ოფიციალური მოსკოვის პოლიტიკას და ღონისძიებასაც საწინააღმდეგო ხასიათი ექნება.