გენერალ ქუთათელაძის მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის საქმეებზე გიორგი ჭანტურიას ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლოს ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე დატოვებას სთხოვდა, თუმცა მოსამართლემ არც მისი და არც ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გიორგი ჭანტურია პატიმრობაში დატოვა.
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე 13 ტომს მოიცავს. საქმის მასალებში ვიდეო და აუდიო ჩაწერები დევს, თუმცა პროკურატურა ადასტურებს რომ ჭანტურიასთვის გენერლის მკვლელობის ბრალდებით დაკავების საფუძველი ვიდეო და აუდიო ჩანაწერები არ გამხდარა. სახელმწიფო ბრალდება ამბობს რომ მთავარი მტკიცებულება ბრალდებულის წინააღმდეგ მოწმეთა ჩვენებებია.
საქმის მასალების მიხედვით გენერლის მკვლელობის საქმეში პროკურატურის ოქროს მოწმე ერთ-ერთი მოვაჭრე ირაკლი თედორაძეა. მან საგამოძიებო უწყებას ბოლო ჩვენება 7 აგვისტოს მისცა. მოწმე დეტალურად ყვება როგორ გაიგო ქუთათელაძის კაბინეტიდან სროლის ხმა და როგორ დაინახა რამდენიმე წუთში ოთახიდან გამოსული შეირაღებული გიორგი ჭანტურია. თუმცა ”კურიერმა ”ირაკლი თედორაძის კიდევ ერთი ჩვენება მოიპოვა, რომელიც 2018 წლის 15 იანვრით თარიღდება. ამ ჩვენებაში მოწმე ჭანტურიას საერთოდ არ ახსენებს.
გიორგი ჭანტურიას ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ პროკურატურამ მოწმეზე ზეწოლა მოახდინა.
დაკავებულის ოჯახის წევრები ასევე პროკურატურის მიერ მოპოვებული აუდიო ჩანაწერების ავთენტურობის დადგენასაც ითხოვენ. ამბობენ, რომ ჩანაწერი სადაც ბრალდებულის და სავარაუდოდ მათ სახლში არსებულ საბრძოლო მასალაზე ლაპარაკობდა დამონტაჟებულია.