10 წლის ბავშვის მამა, თამაზ ლეკიაშვილი რუსეთის ხელისუფლებას შვილის თვითმფრინავით ტრანსპორტირებას სთხოვს. ბავშვი თვეზე მეტია, იაშვილის კლინიკაში წევს.
ოჯახი დასასვენებლად იყო ჩამოსული, როდესაც მოზარდი მოულოდნელად ცუდად გახდა და კლინიკაში ნაწლავის გაუვალობის გამო სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.
ოჯახის წევრები მისი გადაყვანის მოთხოვნით, რამდენჯერმე დაუკავშირდნენ რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას. მისულები იყვნენ თბილისში, რუსეთის ინტერესების სექციაშიც, თუმცა პასუხი ამ დრომდე არავისგან მიუღიათ.
რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველოში მკურნალობის გასაგრძელებელი თანხაც აღარ აქვთ. რუსეთის ფედერაციის კატასტროფის ცენტრში უთხრეს, რომ თვითმფრინავი დაკავებულია და სპეცრეისს ვერ დანიშნავენ.
ბავშვის მამამ საკუთარი ხარჯით, შვილის თბილისიდან გადაფრენა სცადა. ამისთვის კი ქართველი ექიმების გაყოლა იყო აუცილებელი, რისთვისაც მათ რუსეთის ვიზები სჭირდებოდათ, თუმცა უარი ამჯერად საკონსულომ უთხრა და ვიზები არ გასცა.
ბავშვის სასწრაფოდ გადაყვანა რომ საჭიროა, ადასტურებენ იაშვილის კლინიკაში. კლინიკური დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საკონსულოს მიაწოდეს, თუმცა იქიდან მეტად აღარ შეხმიანებიან. კლინიკამ ოჯახს ტრანსპორტირების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, თუმცა რუსეთის ხელისუფლებისგან თანხმობა არცერთზე მიუღიათ.
ბავშვის შესახებ რუსულ ტელეარხზეც გავიდა რეპორტაჟი, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ საკითხს სწორედ თბილისში რუსეთის საკონსულო კურირებს. ჟურნალისტმა ვითარება საპირისპიროდ ასახა და მაყურებელს მოუყვა, როგორ ჰყავთ ქართველ ექიმებს ტყვეობაში აყვანილი რუსეთის მოქალაქე ბავშვი. თუმცა რუსეთის საკონსულომ პასუხი არც მათი ქვეყნის წარმომადგენელ ჟურნალისტს გასცა.
საკონსულოში დღეს არც „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს უპასუხეს.