პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება.
მაჩალიკაშვილთან გამომძიებლებს კითხვები 31 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აქვთ, როდესაც ის სუს-ის წინ თავის აფეთქების შესახებ საუბრობდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი განმარტავს და ამბობს, რომ ეს განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა და სუს-ის წინ თავის აფეთქების რეალური განზრახვა არ ჰქონია.
„აქ არანაირი დანაშაულის მხრივ არაფერი არ იკვეთება. რაც გავაკეთე განცხადება ის იყო ემოციის ფონზე. მე არც მიფიქრია, არც მქონია გულში... ემოციურ ნიადაგზე გავაკეთე, ჩემს ადგილას სხვაც იტყოდა უფრო გაცილებით მეტს იტყოდა,“ - აცხადებს მაჩალიკაშვილი.
სუს-ის ბრალდების უსაფუძვლობაზე საუბრობს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი. ქეთი ჩუთლაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ მაჩალიკაშვილის განცხადება ემოციურ ნიადაგზეა გაკეთებული.
მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე მათთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, სისხლის სამართლის კოდექსის რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
„ამ განცხადებაში არანაირი დანაშაულის ნიშნები არ ჩანდა იმიტომ, რომ ჩვენ, ბუნებრივია, ისიც კი არ ვიცით ამ ეტაპისთვის სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით არის გამოძიება დაწყებული სუს-ში. ჩვენ ამ დრომდე არ მიგვიღია ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ მედიებში გამოძიების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე ჩვენ მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს, რომ განემარტათ, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით გათვალისწინებულ ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა, საგამოძიებო ორგანოს ამგვარი განმარტება არ გაუკეთებია, შესაბამისად, არანაირ დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ,“ - აცხადებს ჩუთლაშვილი.