17 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაბზონში და დაშავებული ქართველები - მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია

ტრაბზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა, რა დროსაც საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა. 

მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

„საქართველოსკენ ბრუნდებოდა მიკროავტობუსი, 21 მოქალაქით და ტრაბზონის მისადგომებთან გადაბრუნდა. შეიძლება ითქვას, რომ გაწეული ადეკვატური სამედიცინო დახმარების შემდეგ, ძირითადი ნაწილი უკვე გაწერილია კლინიკიდან,“ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავ ავტომანქანას საქართველოს 21 მოქალაქე, დროებით მომუშავე სეზონური მუშები გადაჰყავდა.

წინასწარი მონაცემებით, მიკროავტობუსის მძღოლი მობილური ტელეფონით საუბრობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა გადაბრუნდა. დაშავებულები ამ დრომდე ტრაპზონის საავადმყოფოებში რჩებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დღის ამბები