პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მომზადებას ედავება. ამის შესახებ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტმა, ქეთი ჩუთლაშვილმა სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა.
ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ქეთი ჩუთლაშვილთან ერთად სუს-ის შენობა დატოვა, სადაც 31 მაისს გაკეთებულ განცხადების შესახებ დაუსვეს კითხვები, როდესაც მაჩალიკაშვილმა სუს-ის წინ თავის აფეთქების შესახებ ისაუბრა.
ქეთი ჩუთლაშვილი აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაში დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები არ იკვეთება და გამოძიების წარმართვა დაუსაბუთებელია.
„მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაში არანაირი დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები არ ჩანდა და აბსოლუტურად, მათ შორის, გამოძიების დაწყებაც და ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაც იყო დაუსაბუთებელი... მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-323 მუხლით, ეს გულისხმობს ტერორისტული აქტის ჩადენის მომზადებას,“ - განაცხადა ჩუთლაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს განცხადება ცხელ გულზე გააკეთა და რეალური განზრახვა არ ჰქონია.
„კონკრეტული კითხვა იყო რას ვგულისხმობდი მაშინ აქციაზე. მე ვუპასუხე, ეს იყო გამწარებული, შვილმოკლული მამის სიტყვები, მეორე დღეს მე ეს უკვე არ მახსოვდა, ასეც იყო. ჩემს წინააღმდეგ უსამართლოდ არის ყველაფერი, დევნაც და რაც არსებობს. პირველი დღიდან თემირლანის მკვლელობის, იმ ტერაქტის დღიდან ყველაფერი არის უსამართლო დევნა. თუ დამაკავებენ, ჩემთვის ციხეც ჯოჯოხეთია, გარეთ ვარ, აქაც ჯოჯოხეთია,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.