საწვავის საშუალო ფასი ბოლო სამი კვირის განმავლობაში 9 თეთრით გაიზარდა. გაძვირებულია ყველა სახის საწვავი.
მძღოლები ამბობენ, რომ მათ ჯიბეზე ფასების ცვლილება უკვე საკმაოდ აისახა, რაც ისედაც რთულ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
სპეციალისტები საწვავის გაძვირების რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. ლარის გაუფასურება იმპორტირებულ პროდუქტს აძვირებს, ამას ემატება აქციზის გადასახადი, რომელიც მთავრობამ გასულ წელს გააორმაგა. ასე, რომ არ მომხდარიყო დღეს საწვავის საფასური 25 თეთრით ნაკლები იქნებოდა.
ყოველი ლიტრიდან ბიუჯეტში გადასახადის სახით 70 თეთრი მიდის, ექსპერტები თვლიან, რომ ხელისუფლებამ რეგულაციას უნდა გადახედოს.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საწვავის გაძვირებას ნავთობკომპანიებს აბრალებს და კარტელურ გარიგებებში ადანაშაულებს.
„ნავთობიმპორტიორთა კავშირში“ კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებებს გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნედლი საწვავის გაიაფების მიუხედავად, კომპანიებს უკვე გადამუშავებული საწვავის ყიდვა მაინც ძვირად უწევთ. გამოსავალს აქაც აქციზის საფასურის შემცირებაში ხედავენ.
ლარის გაუფასურების პარალელურად, საწვავის ღირებულებაც ყოველდღიურ რეჟიმში იზრდება.
სპეციალისტების ვარაუდით, თუ პროცესი გაგრძელდება, ეს მგზავრობას და საწვავთან დაკავშირებული ყველა სხვა მომსახურებას გააძვირებს.