ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს დაშავებულ მოქალაქეებს დღეს ტრაბზონში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებს.
ამ დრომდე მძიმეა ცოლ-ქმრის მდგომარეობა. ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მამაკაცი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მესამე დაშავებულს, კი რომელსაც გუშინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, დღეს პალატაში გადაიყვანენ.
„ქალბატონი შედარებით უკეთ გრძნობს თავს, მისი ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, ამ დროისათვის. გუშინ მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია წარმატებით. მეორე კლინიკაში გვყავს ცოლ-ქმარი, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ახლა ველოდებით აჭარის დელეგაციას და ქართველ სპეციალისტებს,“ - აღნიშნავს საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში, ავთანდილ მიქაცაძე.
ავარია ტრაბზონში გუშინ გამთენიისას მოხდა. საქართველოს სანომრენიშნიანი მიკროავტობუსით თურქეთში 21 ადამიანი მიდიოდა სეზონურ სამუშაოებზე. მძღოლს სავარაუდოდ, საჭესთან ჩაეძინა, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით იგი ტელეფონით საუბრობდა, რა დროსაც საჭის დამორჩილება ვერ შეძლო. მძღოლი, რომელიც თურქმა სამართალდამცველებმა ავარიის შემდეგ დააკავეს, დღის ბოლოს გაათავისუფლეს.