ვაზიანის პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო საჩვენებელი წვრთნების დასკვნითი ეტაპი გაიმართა. წვრთნებში ევროპული და ამერიკული წარმოების ჯავშანტექნიკის გარდა, ამერიკული საჰაერო ავიაციაც მონაწილეობდა.
ცოტა ხნის წინ, წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიამ „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გარდა ამისა, ღონისძიების დასასრულს, ოფიციალურ ცერემონიაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების 5 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა. სწავლების მონაწილე ქვეყნების სამხედროებს, 38 უწყებრივი მედალი გადაეცათ.
„ამ სწავლებით, პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ის რაც გაჟღერდა, სულ რაღაც 3 დღის წინ, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტით, რომ საქართველო არის რეგიონში ერთ-ერთი სანდო, ღირსეული პარტნიორი, რომელიც აქტიურად უნდა ღებულობდეს შავი ზღვის რეგიონში დაგეგმილ მრავალეროვნულ და ნატოს ეგიდით ჩატარებულ სწავლებებში, არის რეალობა და საქართველოს მაგალითზე, რეალობა, რომელიც მზარდი დინამიკით გამოირჩევა,“ - განაცხადა ლევა იზორიამ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, რომ „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოსთვის მხარდაჭერის დადასტურებაა.
„ღირსეული პარტნიორი არის ნათელი დადასტურება იმ დიდი მხარდაჭერის, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მხრიდან და ასევე ჩვენი მოკავშირე სხვა ქვეყნების მხრიდან. ეს არის მხარდაჭერა იმ რეფორმების, რომელიც მიმდინარეობს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
ორკვირიანი სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ ქართველმა, გერმანელმა, ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ჩაატარეს.
პოლიგონზე პირველად გამოჩნდა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინი.“
ვაზიანის თავზე დღეს დილიდან დაფრინავდნენ ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები „აპაჩები.“