საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდის”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, რათა შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. ამის შესახებ უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სპეციალისტებმა 2018 წელს სასტუმრო და სამორინე „ველმონდში“ სამჯერ განახორციელეს სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა.
სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას. გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა.
კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა,“- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.