სმიტების სახლი ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, პირველად რაიან სმიტის მშობლებმა და ძმამ გააღეს. ისინი მარნეულში რამდენიმე დღეა ცხოვრობენ. ოჯახმა დღეს „კურიერთან“ ტრაგედიის შესახებ საუბარი არ ისურვა. უცნობია, შეხვდნენ თუ არა ისინი უკვე სამართალდამცველებს ან მოინდომეს თუ არა საქმის დეტალების გაცნობა.
სმიტების ოჯახის ერთ-ერთი საზრუნავი ახლა გარდაცვლილი შვილის სურვილის ასრულება და მარნეულში სათამაშო მოედნის მოწყობაა. პროექტის შესაბამისი წინადადება მათ მერიაშიც უკვე შეიტანეს. რაიან სმიტის ძმა ამბობს, რომ ოჯახი მერიისგან მხოლოდ მიწის გამოყოფას ითხოვს, სათამაშო მოედნის ღირებულებას კი ის მთლიანად თვითონ იხდის.
ორგანიზაცია "მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების" დამფუძნებელი იხსენებს, რომ რაიან სმიტს, სრულად გაწერილი გეგმა ჰქონდა სკვერის ასაშენებლად, თუმცა მასზე ნებართვის გაცემა ადგილობრივმა თვითმმართველობამ გააჭიანურა. ნონა სამხარაძე ყვება, რომ რაიან სმიტს საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით მაცხოვრის სახელობის სკვერის გაკეთების იდეა ჰქონდა, თუმცა ნებართვა მარნეულში სახელწოდების რელიგიური შინაარსის გამო არ მისცეს.
რელიგიური შინაარსის სახელწოდების გამო ნებართვის გაცემის გაჭიანურებას უარყოფს და ჭორებს უკავშირებს მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი. ზაურ ტაბატაძე ამტკიცებს, რომ არც რაიან სმიტსა და არც მისი ოჯახის წევრებს მერიაში დასრულებული პროექტი არ წარუდგენიათ.
მარნეულში სათამაშო მოედნის აშენებას ემხრობიან ადგილობრივები.
მოეწყობა თუ არა მარნეულში სკვერი სმიტების სახელზე, ოჯახისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული. საკითხის მოგვარებაში უკვე აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებიც არიან ჩართული.
ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი