17 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
რეკორდულად გაუფასურებული თურქული ლირა - ათასობით ქართველი შესაძლოა, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩეს

თურქეთის ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურებისა და სავალუტო კრიზისის ფონზე, შესაძლოა ათასობით ქართველი უმუშევრად დარჩეს. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც წლებია მეზობელ ქვეყანაში მუშაობენ, აცხადებენ, რომ ლირის დრამატული ვარდნა მათ შემოსავალს ყოველდღიურად ამცირებს. ტრაპზონში მცხოვრები ქართველები სამუშაოს მიღების იმედით, ქალაქის ცენტრში ყოველდღე იკრიბებიან.

იმ შემთხვევაში, თუ ლირის გაუფასურება ამ ტემპით გაგრძელდება, თურქეთში მომუშავე ქართველები ამბობენ, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებსაც ვეღარ შეიძენენ. 

ლირის გაუფასურებამ პრობლემები შეუქმნა თურქეთის მოქალაქეებსაც. ტრაპზონში მცხოვრები თურქები ყვებიან, რომ ეროვნულმა ვალუტამ მსყიდველუნარიანობა დაკარგა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ოფიციალურ ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაწყებულ სავაჭრო ომს უკავშირებს ტრაპზონის მთავრობა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ კურსის ცვლილებების მიზეზი თურქეთის მიმართ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები გახდა, რასაც ანკარამ საპასუხო ზომებით უკვე უპასუხა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა თურქი მინისტრების წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა და ლითონებზე ანკარას საბაჟო გადასახადი გაუორმაგა, ეროვნული ვალუტა 20 პროცენტით გაუფასურდა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

დღის ამბები