შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები აქციებს აანონსებენ. ისინი ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
სტუდენტები განათლების სამინისტროსთან აქციას 23 აგვისტოს გამართავენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.
„შეუფერებელია მინისტრის განცხადებები და მინისტრის პასუხები. ის არ იყო მზად ჩვენთან შეხვედრისთვის, მან პირდაპირ გვითხრა, რომ არ იყო კომპეტენტური. ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია 23 აგვისტოს განათლების სამინისტროსთან,“ - ამბობს სტუდენტი თამარ გეგენავა.
ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს ახალი სტუდენტების ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. მიზეზად სასწავლებლის მხრიდან დავალიანება - 700 ათასი ლარი სახელდება. მისი სამართლიანობის შესახებ სასამართლო დავა მიმდინარეობს. უნივერსიტეტი განმარტავს, რომ სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში მზადაა, გადაიხადოს აღნიშნული თანხა.