თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.
ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია, რადგან "თბილისში ჩამოსულ ნებისმიერ უცხოელ სტუმარს სწორედ ამ გზის გავლა უწევს და დღეს აღნიშნულ მაგისტრალზე არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა".
მისი თქმით, ამ ეტაპზე სათადარიგო გზები კეთდება, მოგვიანებით კი, რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყება, რაც ცენტრალური მაგისტრალის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
„მინდა, შევეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც მოძრაობს ქალაქში. თვალში მოსახვედრია უკვე ის სამუშაოები, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. დღეს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ, ეს არის კახეთის გზატკეცილის სათადარიგო გზა. მარჯვენა ზოლზე უკვე დაწყებულია სამუშაოები და უახლოეს მომავალში იქნება დასრულებული. ჩვენ სამ ეტაპად დავყავით ეს სამუშაოები, პირველი ეტაპი სექტემბრის ბოლოს დასრულდება და ახლა ვიწყებთ მარცხენა სათადარიგოს სრულ რეაბილიტაციას. როდესაც ესეც დასრულდება, მესამე ეტაპი იქნება სრული რეაბილიტაცია ცენტრალური მაგისტრალის. მარჯვენა, მარცხენა სათადარიგო გაკეთდა იმისთვის, რომ, როდესაც ცენტრალურის რეაბილიტაცია დაიწყება, გადაადგილება არ შეიზღუდოს. ცენტრალურ მაგისტრალზე ვაპირებთ, როგორც ასფალტის საფარის შეცვლას, ასევე შეიცვლება განათების ბოძები და მგონია, რომ საკმაოდ ლამაზი პროექტი იქნება,“ - განაცხადა კალაძემ.