"სარეკლამო აბრები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს," - ეს განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია დაავალა.
„მინდა, სარეკლამო აბრების საკითხს შევეხო, განსაკუთრებით კახეთის გზატკეცილზე. მე მგონია, რომ ისინი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მხედველობაში მაქვს ისეთი სარეკლამო აბრები, რომლებიც, მაგალითად, გადასასვლელი ხიდების მსგავს კონსტრუქციებზეა მოწყობილი და გზის მთლიან სიგრძეზეა. მე ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია და მოწესრიგებული უნდა იქნეს. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ იქონიოს ბიზნესთან კომუნიკაცია, რათა ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ ბიზნესინტერესები, მაგრამ ბიზნესის განხორციელება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის ხარჯზე," - განაცხადა კახა კალაძემ.