შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის პირველკურსელთა ერთი წლით მიღების აკრძალვას განათლების სამინისტრო განცხადებით ეხმაურება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აბიტურიენტებისთვის, რომელთაც წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აირჩიეს, რიგგარეშე მობილობა გამარტივებული წესით გამოცხადდება.
სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსურმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დგას, შესაძლოა, სასწავლო პროცესები სერიოზული რისკების წინაშე დააყენოს.
„უნივერსიტეტს სახელმწიფოს წინაშე აქვს შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო დაუწესდა. აღნიშნულ რისკებთან დაკავშირებით და პრობლემების მოგვარების მიზნით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ხარისხის ცენტრსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაცია. ამის მიუხედავად, პრობლემები ვერ მოგვარდა. იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს სტუდენტთა ინტერესები, მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რისკების თავიდან ასაცილებლად, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა.
"აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც წელს აირჩიეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
"მათთვის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა გამარტივებული წესით. ისინი აირჩევენ სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. შესაბამისად, შეძლებენ ახალი სასწავლო წლის შეუფერხებლად დაწყებას. ხარისხის ცენტრი იშუამდგომლებს იმ დაწესებულებებთან, რომლებიც შესაბამისი მიმართულებით ახორციელებენ სასწავლო პროგრამებს," – ნათქვამია განცხადებაში.