"გარევაჭრობის საკითხები დაჯარიმების გარეშე უნდა მოწესრიგდეს," - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ქალაქის იერსახის ხარჯზე ბიზნესის კეთება არ შეიძლება, რადგან ეს "სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სხვა ადამიანებისთვის, ვინც იგვლივ ცხოვრობს, ვინც ფეხით გადაადგილდება".
მისივე თქმით, გარევაჭრობის საკითხები უნდა მოწესრიგდეს და მისთვის სასიხარულო იქნება, თუ გარევაჭრობით დაკავებული პირები არ დაჯარიმდებიან.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ბიზნესს არ ვერჩით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოვიდეს წესრიგსა და კანონდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, ამ ერთი კვირის განმავლობაში როგორც კი დავალება იქნა მიცემული, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზედამხედველობის სამსახურმა მოაწესრიგა 30-მდე ქუჩა და აღიკვეთა ისეთი დარღვევები, როგორიც ფიქსირდებოდა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიებზე. გავაგრძელოთ მუშაობა, რომ მაქსიმალურად, რაც კანონით გათვალისწინებულია, მოწესრიგებული იყოს და ძალიან გამიხარდება თუ ჩვენ ადამიანების დაჯარიმება არ მოგვიწევს," - განაცხადა კახა კალაძემ.