შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სტუდენტები აქციებისთვის ემზადებიან - სტუდენტების ნაკადის ერთი წლით მიღების შეზღუდვაზე ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა.
სტუდენტები განათლების სამინისტროსთან აქციას 23 აგვისტოს გამართავენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.
ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად სასწავლებლის მხრიდან დავალიანება - 700 ათასი ლარი, სახელდება.
უნივერსიტეტი განმარტავს, რომ სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში მზადაა, თანხა გადაიხადოს.
ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ილია უნივერსიტეტის პროფესორმა, ნანა დიხამინჯიამ, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის იყო იმ ექსპერტთა საბჭოს წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო უცხოელი ექსპერტი. მისი თქმით, აღნიშულმა საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს აკრედიტაცია 6 წლის ვადით მიანიჭა.
„საბჭოს გადაწყვეტილება იყო სრულიად უსაფუძვლო და ამასთან, უნივერსიტეტის მიმართ არასამართლიანი. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეყრდნობოდა ჩვენს მიერ ჩატარებულ მოკვლევას,“ - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნანა დიხამინჯიამ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სტუდენტების ნაკადის ერთი წლის ვადით შეზღუდვას არასამთვრობო ორგანიზაციებიც ეხმაურებიან.
სასწავლებლის ადმინისტრაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები შეხვდნენ. საია ელოდება დოკუმენტს, თუ რის საფუძველზე მიიღო ავტორიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება.
განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მაღლი სტანდარტის სასწავლებელი, შესაბამისად, უნივერსიტეტისთვის სტუდენტების ნაკადის ერთი წლით შეზღუდვა არასამართლიანი და უკანონოა. ისინი პრემიერსა და განათლების მინისტრს მოუწოდებენ, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს.
„მიუხედავად ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დადებითი დასკვნისა, ვნახეთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რიტაც შეზღუდა სტუდენტების უფლება და ეს მეტყველებს იმაზე, რომ აკრედიტაციის და ავტორიზაციის საბჭოები მუშაობენ სერიოზული დარღვევებით და ხარვეზებით. ამაზე რეაგირება არის აუცილებელი. ამიტომ მოვუწოდებ პრემიერსა და განათლების მინისტრს, რომ მოახდინონ რეაგირება და შეაჩერონ ეს უკანონო გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა უმაღლესი განათლების ექსპერტმა, მარიამ გერსამიამ.