17 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
"არიან გარკვეული არაკეთილსინდისიერი პირები, რომლებიც ცდილობდნენ, ჩალის ფასად ჩაეგდოთ ხელში "შავი ზღვის უნივერსიტეტი" - ადვოკატი

შავი ზღვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ადმინისტრაციამ დღეს პრესკონფერენცია ადვოკატთან ერთად გამართა. ისინი კერძო ინტერესებზე საუბრობენ.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს ახალი სტუდენტების ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

დღეს პრესკონფერენციაზე ადვოკატმა წარმოადგინა დასტური, რომ უნივერსიტეტს ნამდვილად აქვს ის თანხები, რასაც მას სახელმწიფო ედავება. დაცვის მხარემ წარადგინა TBC-დან ამონაწერი, რითიც დასტურდება, რომ მათ ანგარიშზე 700 ათასი ლარი ნამდვილად დევს.

გარდა ამისა, უფლებადამცველი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ არსებობს ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელიც მასთან აწარმოებდა პირადად მოლაპარაკებებს და ეს ჯგუფი ცდილობს, რომ უნივერსიტეტი "ხელში ჩალის ფასად ჩაიგდოს".

სოსო ბარათაშვილი "შავი ზღვის უნივერსიტეტთან" დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და ის შესაძლოა, ევროპულ სასამართლოშიც წავიდეს.

„მიმაჩნია, რომ ეს არის კერძო ინტერესები, რომელიც გარკვეულად პოლიტიკასთანაც არის დაკავშირებული. არიან გარკვეული არაკეთილსინდისიერი პირები, რომლებიც ცდილობდნენ, ჩალის ფასად ჩაეგდოთ ხელში შავი ზღვის უნივერსიტეტი. ამ პირთა მიმოწერაც ცნობილია, გვარებიც ცნობილია, მაგრამ დღეს მათ სახელსა და გვარს არ დავასახელებ, თუმცა, მივაწოდეთ სათანადო ორგანოებს. გარკვეულწილად, ხელისუფლება არის საქმის კურსში, ყოველ შემთხვევაში, განათლების სამინისტრო ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში და ძალიან უცნაური იყო ქალბატონი სანიკიძის განცხადება, რომ, თითქოს, ინგლისურ კომპანიას სურდა ამ უნივერსიტეტის შესყიდვა და არ მოხდა მაშინ, როდესაც თვითონ განათლების სამინისტრო უშლიდა ხელს შესყიდვის პროცესს,“ - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

გაცხადება გააკეთა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ.

„ისინი იძახიან პირდაპირ, რომ ამ უნივერსიტეტს არანაირი პრობლემა არა აქვს. თვითონ საბჭოში გამოაცხადეს, ოთხჯერ თქვა ექსპერტმა, რომ უნივერსიტეტს თუ ეს 700 ათასი ლარი დაეკისრება, გადაიხდის პრობლემა არ არის,“ - განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.

 

 

 

 

 

დღის ამბები