ფინანსთა მინისტრმა თავისი ბრძანებით ხორბლის იმპორტიორებს სახმელეთო გადაზიდვები სრულად აუკრძალა.
ახალი ბრძანების მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლისა და სიმინდის შემოტანა ან გატანა მხოლოდ საზღვაო ან სარკინიგზო ტრანსპორტით არის დასაშვები.
ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანება ბიზნესმენებს უწყებამ 21 აგვისტოს გაუგზავნა, თუმცა, მეორე დღეს მაჭავარიანის უწყებამ პოზიცია შეცვალა და კიდევ ერთი ბრძანება გამოსცა. სავარაუდოდ, მძღოლებისა და გადამზიდავი კომპანიების პროტესტის შემდეგ, ფინანსთა სამინისტრომ ქვეყანაში სახმელეთო ტრანსპორტით მხოლოდ სიმინდის შემოტანა დაუშვა.
კერძო იმპორტიორები, რომლებსაც წლებია, ხორბალი ქვეყანაში შემოაქვთ, განმარტებებს ითხოვენ. ამბობენ, რომ ახალი რეგულაცია ხორბლის და პურპროდუქტების ფასს გააძვირებს, კომპანიებში ათასობით დასაქმებული ადამიანი კი სამსახურის გარეშე დარჩება.
იმპორტიორები მიღებულ გადაწყვეტილებას ბიზნესზე ზეწოლად აფასებენ და ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას კიდევ ერთხელ ითხოვენ.
მთავრობის გადაწყვეტილების გაპროტესტებას კომპანიებში დასაქმებული მძღოლები გეგმავენ. იმ შემთხვევაში, თუ ბრძანება ძალაში დარჩება, ისინი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.
კომენტარი გააკეთა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.
გიორგი გუგავა ამტკიცებს, რომ ხორბლის ბიზნესის ხელში ჩაგდება ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას კომპანია აგრიკომის დახმარებით სურს და ფინანსთა მინისტრის ბრძანების უკან უჩა მამაცაშვილს და ოთარ ფარცხალაძეს დგანან.
კომპანია აგრიკომი ამ ბიზნესში ერთ-ერთი მონოპოლისტია. კომპანიას ფოთში საზღვაო მარცვლეულის ტერმინალიც აქვს.
ახალი რეგულაცია ძალაში 15 სექტემბერს შევა.