Echowaves Festival-ის ორგანიზატორებმა, ანაკლიაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, წერილობითი განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ფესტივალის ორგანიზატორები მწუხარებას გამოთქვამენ ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის გამო.
ფესტივალის საორგანიზაციო გუნდი მოუწოდებს მონაწილეებს, იმ შემთხვევაში, თუ მათ თავი შეუძლოდ იგრძნეს, მიმართონ ადგილზე არსებულ სამედიცინო პუნქტებს.
„Echowaves Festival-ის საორგანიზაციო გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს. Echowaves Festival-ი თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ფესტივალის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და მეგობრების ჯანმრთელობას. იმ შემთხვევაში, თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართოთ ფესტივალის ტერიტორიაზე მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს და სამედიცინო პუნქტებს,” - ნათქვამია „Echowaves Festival-ის საორგანიზაციო გუნდის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში ფესტივალ Echowaves -ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა. 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე. ახალგაზრდა გოგონას, ექიმების ინფორმაციით, დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიკური მოწამვლა აღენიშნებოდა. გოგონა უკვე სახლში გაწერეს.