მოქალაქეებმა, რომლებიც თავს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაზარალებულად მიიჩნევენ, დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური სერტიფიკატები მიიღეს.
ამ სერთიფიკატებით ოპოზიციური პარტია მათ გარანტიას აძლევს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კომპენსაციას გადაუხდის.
საქმე ბანკებით დაზარალებულ და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანებს ეხება.
პარტიის ინიციატივა სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნას გულისხმობს, რომლის კაპიტალი 2,5 მილიარდი ლარი იქნება და რომელიც ჩინოვნიკების ნაძარცვი ქონებით შეივსება.
გამოცხადდება 2-წლიანი მორატორიუმი ყველა უსამართლო ვალის გადახდაზე. ვალები დაანგარიშდება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი სავალუტო კურსით. პარტიის წარმომადგენლებმა სერტიფიკატები დღეს 200-მდე მოქალაქეს გადასცეს. პროცესი რეგიონების ოფისებშიც მიმდინარეობს.
„ეს ის ხალხია, რომელმაც ბოლო 6 წლის განმავლობაში პრაქტიკულად დაკარგა ყველაფერი და დარჩნენ ულუკმაპუროდ. ეს ყველაფერი გაკეთდა ივანიშვილის და მისი პარტნიორი მევახშეების დახმარებით. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აეღო ამ ხალხზე, პირიქით, ხელი შეუწყვეს მათი პირადი მევახშეების დახმარებით, რომ ეს ხალხი დარჩენილიო პრაქტიკულად, ულუკმაპუროდ. პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ამ ხალხს აუნაზღაურდებათ ის ზარალი, რომელიც მათ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში მიიღეს,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.