არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს,
გამართოს კონსულტაციები დაინტერესებულ ჯგუფებთან და დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა.
რამდენიმე დღის წინ გიორგი მარგველაშვილმა ქართული ოცნების არაკონსტრუქციულობის მოტივით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებაზე უარი განაცხადა, რაც მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების მორიგი მიზეზი გახდა.
პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება სამოქალაქო სექტორისთვის მიუღებელია. ისინი შექმნილ ვითარებაში არსებულ რისკებზე საუბრობენ.
"უნდა იბრძოლოს ბოლომდე, რომ სასამართლოში გვყავდეს ნორმალური, კარგი მოსამართლე, კარგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მობრუნდება პროცესში, მე ვფიქრობ, რომ მას ექნება სერიოზული მხარდაჭერა," - ამბობს ფონდ ლიბერალური აკადემია - თბილისის დირექტორი, ლაშა ტუღუში.