განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი შავი ზღვის უნივერსიტეტის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და სასწავლებელს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღების საშუალებას არ მისცემს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასწავლებელში ვერ მოხვდება ის 107 სტუდენტი, რომელმაც ერთიანი გამოცდები წარმატებით ჩააბარა და პირველ ნომრად სწორედ შავი ზღვის უნივერსიტეტი მიუთითა.
განათლების ცენტრის პოზიცია მიუღებელია სასწავლებლის მოქმედი სტუდენტებისთვის, რომლებიც დღეს საღამოს საპროტესტო აქციის გამართვასაც გეგმავენ.
სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს მიმართავენ, დაუყოვნებლივ გადახედონ გადაწყვეტილებას და უნივერსიტეტს მისცენ აბიტურიენტების პირველ კურსზე მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, სტუდენტები ითხოვენ, რომ იმ დრომდე გადაიდოს აბიტურიენტების ჩარიცხვების პროცესი, სანამ შავი ზღვის უნივერსიტეტის პრობლემა არ მოგვარდება.
„ჩვენთვის არ არის დამაკმაყოფილებელი ქალბატონი თამარ სანიკიძის განცხადება, რადგან ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ უნივერსიტეტს შესძლებოდა აბიტურიენტების მიღება. ამის უფლება არ მოგვცეს,“ - განაცხადა სტუდენტმა ანი ხეცურიანმა.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი