17 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
სკანდალური ჩანაწერები და "ოცნების" მხარდამჭერებით დაკომპლექტებული საარჩევნო კომისიები

სკანდალური ჩანაწერები და „ქართული ოცნების“ შტურმი საარჩევნო კომისიებზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს ხუთი ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. აუდიოფაილებში ისმის, როგორ აიძულებენ "ოცნების" წევრები, საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს პოსტებზე მმართველი პარტიის აქტივისტები დანიშნონ.

ხუთ სატელეფონო ჩანაწერში, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები თავად ყვებიან, რომ კომისიის წევრების კანდიდატურებს "ქართული ოცნების" კრწანისის რაიონის შტაბთან ათანხმებენ. აუდიომასალაში "ქართული ოცნების" კრწანისის კომისიების კოორდინატორის ნინო მაისურაძის სახელი და გვარი ფიგურირებს. სწორედ ის აწვდის ან მასთან თანხმდება საარჩევნო ადმინისტრაციების ე.წ. ნეიტრალური და აპოლიტიკური წევრების ვინაობა, რომლებიც მხოლოდ პროფესიული ნიშნით უნდა შეირჩეს, რეალურად კი ირკვევა,  რომ ამ პოსტზე ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერებს ნიშნავენ.

სკანდალურ ფარულ ჩანაწერებში ასევე დგინდება, რომ წინასწარ არის ცნობილი საარჩევნო კომისიების იმ ხელმძღვანელების გვარები ვინც ერთ თვეში, თანამდებობაზე უნდა დანიშნონ.

კანონით კი საარჩევნო კომისიებში ეს თანამდებობები პოლიტიკურად ნეიტრალურმა ადამიანებმა უნდა დაიკავონ.

ის, რომ ჩანაწერები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ეს დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც აღიარა. ცესკო აუდიოჩანაწერების შესწავლის პირობას დებს. გაერთიანებულმა ოპოზიცია კი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვა.

 

დღის ამბები