7-დღიანი უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, ავტორიზაციის საბჭო სტუდენტების და ლექტორების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს და "შავი ზღვის უნივერსიტეტს" სტუდენტების ახალ ნაკადის მიღების უფლებას არ მისცემს. საბჭოს ამ რადიკალური პოზიციის გამო, უნივერსიტეტმა სამ მილიონამდე ლარი იზარალა და სასწავლებლის მომავალ ფუნქციონირებას საფრთხე შეუქმნა.
ავტორიზაციის საბჭომ "შავი ზღვის უნივერსიტეტს" სანქციები დაგროვილი დავალიანების გამო დაუწესა, თუმცა უნივერისტეტში განმარტავდნენ, რომ ამ საქმეზე დავა სასამართლოში მიმდინარეობდა და მზად იყვნენ, დავალიანება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემთხვევაში გადაეხადათ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა ავტორიზაციის საბჭო, რომელმაც შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუჩერა. რადიკალური ზომების მიღების შემდეგ, სასწავლებლის ადმინისტრაციამ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე სადავო თანხა გადარიცხა და დღეს უკვე აღარ არსებობდა ოფიციალური მიზეზი, რის გამოც შავი ზღვის უნივერსიტეტის წინააღდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს. სხდომის ოქმი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ამ დრომდე არ ჩაბარებია.
სხდომის ოქმს ელოდებიან უნივერსიტეტშიც. დოკუმენტის მიღების შემდეგ, სასწავლებლის იურისტები გადაწყვეტენ, მიმართონ სააპელაციო საბჭოს თუ სასამართლოს ძალით გააგრძელონ დავა. დღეს კი, უნივერსიტეტმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებსა და ევროპარლამენტს მიმართა.
იბსუ საერთაშორისო პარტნიორებსა და პოლიტიკოსებს სთხოვს, მხარი დაუჭირონ სასწავლებლისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხს.
შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიასთან დღის ბოლოს სტუდენტებმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აქციაც გამართეს.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.