თრუსოს ხეობიდან ოთხი დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.
მეგობრებს, რომლებიც სალაშქროდ პარასკევს წავიდნენ, სავარაუდოდ, გზა აებნათ და ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა აიყვანეს.
ინფორმაცია ახალგაზრდების ადგილსამყოფელის შესახებ მათი ოჯახის წევრებს მცხეთა-მთიანეთის პოლიციაში მიაწოდეს.
„შაბათს დილით გავაცილე ჩემი შვილი. წავიდნენ თრუსოს ხეობაში, უნდა დაბრუნებულიყვნენ სამშაბათს დილით. კვირა საღამოს ველაპარაკე, ყველაფერი კარგად არისო, მითხა ჩემმა შვილმა. გუშინ მცხეთის საგამოძიებოდან დამიკავშირდნენ, რომ დაკავებული არის 5 პ[ირის საზღვრის უკანონო გადალახვისთვის. ცხინვალში არიან გადაყვანილები. სასამართლო ჩატარდება, უნდა გადავიხადოთ ჯარიმა, სავარაუდოდ, როდის გამოუშვებენ, ვერ გეტყვით,“- განაცხადა თამარ ცისკაძემ.
ოჯახისთვის უცნობია, როდის გაათავისუფლებენ ცხინვალის ციხიდან ახალგაზრდებს.
„თვითონ ვარკვევთ ახლა საახლობლოსგან, რომ იქნებ, რაღაც გავარკვიოთ და მივაკვლიოთ. ესენი ვერ გვეხმარებიან,“ - განაცხადა ბექა მაღრაძის მამამ, შალვა მაღრაძემ.