„მე არ ვაპირებ ცირკში მონაწილეობას და დღეს არის ბოლო მოსვლა ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში,“ - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.
მაჩალიკაშვილი სუს-ში მეოთხედ არის დაბარებული. თუმცა, ის აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეტჯერ აღარ გამოცხადდება.
სუს-ში, სადაც საქმეს ტერორიზმის მხარდაჭერის მუხლით იძიებენ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას მოწმის სახით გამოკითხავენ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი წინა გამოკითხვების შემდეგ საგამოძიებო უწყების გააქტიურებას მასზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებს.