ავტორიზაციის საბჭო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთი წლით სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
განცხადებაში განმარტებულია ის მიზეზები, თუ რის გამო შეუჩერა საბჭომ სასწავლებელს სტუდენტების მიღება.
განცხადება იწყება იმით, რომ უწყება კანონის შესაბამისად მოქმედებს და კანონის მოთხოვნებს ვერ გადუხვევენ.
"რაც შეეხება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოთხოვნას რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და მიღებული გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ მსგავსი მოთხოვნა არ არის მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისი. ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილებას. სააპელაციო საბჭოს მიერ საკითხის განხილვის წინაპირობა არის დაწესებულების მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივრის წარდგენა," - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში დასახელებულია ის მიზეზები, თუ რატომ მიიღეს ამ უნივერისტეტისთვის შეზღუდვის დაწესების გადაწყვეტილება.
"არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილება დააფუძნა როგორც ექსპერტთა შეფასებას, ისე საჯარო განხილვის დროს გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
"ექსპერტთა შეფასებაში შვიდი სტანდარტიდან სრულად დაკმაყოფილებული იყო მხოლოდ ორი. საბჭოს შეფასებით, ექსპერტთა დასკვნის მომზადებისთვის, სრულყოფილად არ იყო გამოკვლეული ცალკეული გარემოებები იმ მიზეზით, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან არ მოხდა საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენა საავტორიზაციო დოკუმენტების წარდგენისა და ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დროს. დასკვნაში მოცემული სავალდებულო რეკომენდაციების საკმაოდ ვრცელი ნუსხა მიუთითებს იმაზე, რომ დაწესებულებამ სერიოზული სამუშაოები უნდა გასწიოს," - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აქცენტი კეთდება ექსპერტების დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც საუბარია უნივერსიტეტის პოტენციური შემსყიდველის ფაქტორზე.
"ექსპერტთა ანგარიშში კონკრეტულ სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა ეფუძნებოდა დაწესებულების მიერ წარმოდგენილ წერილს პოტენციური მყიდველისაგან, რომელიც გამოთქვამს მზაობას, შეისყიდოს უნივერსიტეტი და დაფაროს მისი დავალიანებები. განაცხადის მიხედვით, მოლაპარაკება უნდა დასრულებულიყო 2-3 კვირის განმავლობაში, ხოლო ერთი თვის მანძილზე უნდა დასრულებულიყო გასხვისების პროცესი. უშუალოდ ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშიდანაც ირკვევა, რომ ფინანსურ რისკებთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის ასახული შესაბამის დოკუმენტებში. მითითებულ პერიოდში მოლაპარაკება ვერ დასრულდა. შესაბამისად, ძირითადი არგუმენტი გახდა არავალიდური," - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნათქვამია, რომ უნივერსიტეტის მხრიდან წარდგენილი დოკუმენტები სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ იძლეოდა.
"უნივერსიტეტს აღნიშნული რისკები გათვალისწინებული არ ჰქონდა არც ბიზნეს-პროცესების უწყვეტობის და არც ფინანსურ გეგმებში, რაც ავტორიზაციის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს. აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მის წინაშე არსებული გამოწვევების და რისკების შეფასებას და შესაბამისი გეგმის შემუშავებას პროცესების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.
"ინფორმაცია ფინანსური რისკების შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არ მიუწოდებია არც გარე აუდიტორიისათვის, რადგან ეს საკითხი არ მიუჩნევია არსებით გარემოებად. აუდირებული ფინანსური ანგარიშების წარდგენა არის სტანდარტის მოთხოვნა. რექტორის მხრიდან ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, ირკვევა, რომ ანგარიშები არ ასახავს დაწესებულების რეალურ ფინანსურ მდგომარეობას და წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა არ შეიძლება ჩაითვალოს ვალიდურად...
"საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს დაწესებულებისათვის სწორედ ამ გონივრული ვადის მიცემას, რომლის განმავლობაშიც დაწესებულებამ უნდა შეძლოს ავტორიზაციის სტანდარტის შესრულების დემონსტრირება და სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა," - აღნიშნულია განცხადებაში.