ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას დამფუძნებელი, დავით ქაცარავა, ვარაუდობს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდნენ და სწორედ ასე მოხდა თრუსოს ხეობიდან 5 ახალგაზრდის გატაცება.
რუსმა ოკუპანტებმა მოლაშქრეები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ისინი ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.
გამოითქვა ვარაუდი, რომ ახალგაზრდებს გზა აერიათ და ე.წ. საზღვარი შემთხვევით გადაკვეთეს. თუმცა, დავით ქაცარავა ამბობს, რომ დაკავებული ახალგაზრდები გამოცდილი მოლაშქრეები არიან, ამიტომ მათგან მსგავსი შეცდომა ნაკლებად სავარაუდოა.
ქაცარავა ასევე გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ მესაზღვრეებმა ახალგაზრდები აბანოს სასაზღვრო პუნქტზე საშვების გარეშე გაატარეს.
„ეს შემთხვევა, ვფიქრობ, არის კიდევ ერთ მიზანმიმართული რუსული პროვოკაცია. იქ როგორც ვრცელდება ამბები, ყელის ტბიდან არიან წაყვანილები. ყელის ტბაზე უნდა მოხვდე მხოლოდ და მხოლოდ თრუსოს ხეობაში აბანოს სასაზღვრო პუნქტის გავლით, რომელიც, ჩვენდა გასაკვირად, მდებარეობს თრუსოს შუაგულში. არა საზღვრებზე, არამედ თრუსოს ხეობის შუაგულში. ეს პუნქტი უნდა გაიარო და ამისთვის უნდა გქონდეს საშვი. როგორც გავიგეთ, საშვები ამ ახალგაზრდებს არ ჰქონდათ, რაც ძალიან გასაკვირია იმიტომ, რომ წესით, სასაზღვრო პუნქტმა არ უნდა გაუშვას საშვის გარეშე ტურისტი და შემდეგ უკვე საკმაოდ გრძელი გზაა გასავლელი ყელის ტბამდე, რომელიც ცხინვალის რეჟიმს აქვს ოკუპირებული.
"ძალიან უცნაურია, ვინაიდან ეს მოლაშქრეები ძალიან გამოცდილი ახალგაზრდები არიან სალაშქრო საქმეში და ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ გზა არეოდათ ან, თუნდაც, შეგნებულად დაერღვიათ საოკუპაციო ზოლი.
"ჩემი ვარაუდი არის ასეთი, რომ ისინი არ მოერიდებოდნენ თავისივე დაწესებული საოკუპაციო ზოლის გადმოკვეთას და უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიიდან ამ ახალგაზრდების წაყვანას. ეს არის მათი ჩვეული სტილი,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ.