პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. კონსტანტინე მორგოშია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამ კაშიას მისამართით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადების გამო დაიბარა.
პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩაშლით დაიმუქრა.
კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ არ დაუშვებს, ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის უფლება ფეხბურთელ გურამ კაშიას მისცეს. თავად მორგოშია მუქარას უარყოფს და ამბობს, რომ მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
პატრიოტთა ალიანსის წევრი დინამო არენასთან აქციის ჩატარებასაც ადასტურებს და ამბობს რომ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.
კონსტანტინე მორგოშიამ, სამმართველოს შენობაში შესვლის წინ განაცხადა, რომ მისი პოსტი არ შეიცავდა მუქარას. ის, დაახლოებით, ერთ საათზე მეტია, რაც დაკითხვაზე იმყოფება.
„მუქარის შემცველი ვერანაირად ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ იმ პოსტის უკან ქრონოლოგიურად ზუსტად იყო გაწერილი ის პროტესტის ნიშნები, რაც დაგეგმილია და იქ არაფერი არ არის უკანონო და შესაბამისად, ვერც ვერაფერი ვერ იქნება მაგაში მუქარის შემცველი. თუ სტვენა და გულშემატკივრის გამოხატვა თავის პოზიციის, მუქარაა, რაღაც არამგონია. მუქარა მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება. ათი ათასობით გულშემატკივარია, ვინც მის პოზიციას და მის საქციელს გმობს და გასაკვირი იქნებოდა, რომ ესეც არ ყოფილიყო. მე რომ აქ სულ დამაკავონ, უარესს მიიღებენ. თუ უნდა მისულიყო, სიტყვაზე, ათასი კაცი, მივა ასი ათასი. ეს არის და ეს. დანარჩენი თავიანთი გადასაწყვეტია,“ - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.
ასევე, სამმართველოს შენობასთან მივიდა მოძრაობა ეროვნულების თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მორგოშიას დაბარება სამმართველოში უკანონობა იყო.
„ლევან კობიაშვილმა და გურამ კაშიამ, დაურეკა პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გახარიას და კატეგორიულად მოსთხოვა მათ კონსტანტინე მორგოშიას და სხვა აქტივისტების გაჩერება. ქართველი გულშემატკივრები აპირებენ მასობრივი პროტესტის გამოხატვას, საქართველო-ლატვიის თამაშის დროს, გურამ კაშიას პერსონის წინააღმდეგ. მშვიდობიანი პროტესტი თავის თავში გულისხმობს გარკვეული სიმბოლიკის გამოტანას, რომელიმე ფეხბურთელის ფოტოსურათის დაწვას. მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, რათა დაიწყოს ლევან კობიაშვილის საქმიანობის გამოკვლევა, ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
გურამ კაშიას მიმართ შეურაცხყოფა ამჯერად UEFA-ს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ვიცეკაპიტანს ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის UEFA თანასწორობის ჯილდოს გადასცემს.
შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარების გამო, კაშია იძულებული გახდა, facebook- ზე ოფიციალური გვერდი გაეუქმებინა.