წითელი ჯვარი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდეს და თრუსოს ხეობიდან გატაცებული ახალგაზრდები მოინახულოს.
ამ წუთებში დაკავებული მოლაშქრეების ოჯახის წევრები ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდებიან.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დღეს დაუკავშირდნენ იმ ახალგაზრდების ოჯახების წარმომადგენლები, რომლებიც თრუსოს ხეობაში, როგორც გადმოგვცეს, იყვნენ დაპატიმრებული. მათი სურვილი იყო, შეხვედროდნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შესაბამის წარმომადგენლებს. შეხვედრა ახლაც გრძელდება. წითელი ჯვრის კომიტეტი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს ცხინვალში და ერთ-ერთი კლასიკური მოღვაწეობის სფერო გახლავთ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ვიზიტი, რომლეიც მიზანად ისახავს იქ არსებული ჰუმანიტარული პირობების მონიტორინგს. თუკი საჭირო გახდება, ჩვენი მხრიდან ამგვარი ვიზიტი განხორციელდება,“ - განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ქარდავამ.
ამ დრომდე შიდა ქართლის სამმართველოსთან იმყოფება გატაცებული ახალგაზრდების ოჯახის წევრების ნაწილი. მათი ინფორმაციით, ქართველი სამართალდამცავები იმყოფებიან კონტაქტზე საოკუპაციო რეჟიმთან და მათი გათავისუფლება სასამართლო პროცესის გამართვის შემდეგ, ჯარიმის გადახდის საფუძველზე, მოხდება.
დაკავებულების ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი უვნებლები არიან.