17 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
აგრესიის ახალი ტალღა გურამ კაშიას მისამართით და მუქარა საქართველო-ლატვიის ეროვნული ნაკრებების თამაშის ჩაშლის შესახებ

მარშელები და „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია საქართველო-ლატვიის ეროვნული ნაკრებების თამაშის ჩაშლით იმუქრებიან. მიზეზი ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშიაა. მორგოშია ამბობს, რომ ფეხბურთელს ეროვნული მაისურით თამაშის უფლებას არ მისცემს. 

ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის წინააღდეგ გაკეთებული განცხადებების გამო, დღეს კოტე მორგოშიას და მის თანამოაზრეებს, პოლიციის მთავარ სამმართველოში კითხავდნენ, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებდა, რომ გურამ კაშიას წინააღდეგ კამპანია UEFA-ს 22 აგვისტოს გადაწყვეტილების გამო წამოიწყო. ქართველ ფეხბურთელს ერთი წლის წინ, ლგბტ სამკლაურის გაკეთების გამო, UEFA თანასწორობის ჯილდოს გადასცემს.

მუქარების მიუხედავად, ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი ამბობს, რომ თბილისში მაინც ჩამოვა და ეროვნულ ნაკრებში იასპარეზებს, მანამდე ვიდრე ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება საქართველოში.

ის, რითიც ქართველი ფეხბურთელი ამაყობს, მიუღებელია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერისა და მისი თანამოაზრეებისთვის. მათ მუქარის შემცველი განცხადებები გურამ კაშიას facebook-ის გვერდზე გაავრცელეს. 

სოციალურ ქსელში ალტერნატიული კამპანია წამოიწყეს, #გურამ მე შენთან ვარ. კაშიას სოლიდარობის აქციის დღეს თითქმის მთელი სპორტული სამყარო შეუერთდა. 

გურამ კაშიაზე აგრესიის პირველი ტალღა ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ჰოლანდიის ჩემპიონატზე ვიტესის კაპიტანი ლგბტ სამკლაურით გამოვიდა. ჩემპიონატზე კაშიას გარდა, სამკლაური ყველა გუნდის კაპიტანს ეკეთა. 9 სექტემბერს თბილისში დინამო არენაზე პოლიციას უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მიღება მოუწევს. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს და მის თანამოაზრე მარშელებს მატჩის ბილეთები უკვე ნაყიდი აქვთ და სტადიონზე პროტესტის რადიკალური ფორმებით გამოხატვას აანონსებენ.

დღის ამბები