არჩევნები და ფარული ჩანაწერების ახალი სერია - ოპოზიციამ ამჯერად საოლქო კომისიის სხდომების ვიდეომასალა გაასაჯაროვა. კადრებში კარგად ისმის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის, წესით პოლიტიკურად ნეიტრალური თანამშრომლები, თბილისიდან წინასწარ მიღებულ მესიჯებს სიტყვა-სიტყვით იმეორებენ. ე.წ. მესიჯ ბოქსი, კომისიის წევრებს, თამარ ჟვანიას მითითებით მიუვიდათ; ამ წერილით, საარჩევნო კომისიის წევრებს ევალებათ, არ დაუშვან კომისიის დამოუკიდებელი კანდიდატების დანიშვნის პროცესში, სხდომაზე მათთან გასაუბრება. გზავნილში მითითებულია კანონის ის პუნქტები და სავარაუდო პასუხები, რომლითაც გასაუბრებაზე უარი უნდა დასაბუთდეს.
სკანდალური შინაარსის გზავნილები, ოპოზიცის შეფასებით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის განკუთვნილ კვოტას, "ქართული ოცნების" წევრების ცოლები და ახლობლები იკავებენ.
ოპოზიციას ამბობს, რომ ახალი ჩანაწერებით დგინდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას სისხლის სამართლის დანაშულს ჩადის და სახეზეა საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების კონკრეტული ფაქტები. თამარ ჟვანიას ვადა ერთ თვეში ეწურება, ის ამ თანამდებობაზე ახალი ვადით, ახალმა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს და ოცნების უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს, ამიტომ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სახეზეა დიდი გარიგება-საარჩევნო ადმინისტრაცია ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავებს და სანაცვლოდ ხელშეუხებლობის და ახალი ვადით დამტკიცების გარანტიას მიიღებს.