დეველოპერული კომპანია „სფერო ჰოლდინგი“ „სვეტის“ წინააღმდეგ. საქალაქო სასამართლოს კანცელარიამ დღეს განცხადება, „სფერო ჰოლდინგისგან,“ ხელშეკრულების ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ჩაიბარა. სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ „სვეტის“ ხელმძღვანელობას შესთავაზეს ყველა დაწყებული და შეჩერებული მშენებლობის დასრულება, სანაცვლოდ კი „სვეტის“ ასპროცენტიან წილებს გადაუფორმებდნენ. „სფერო ჰოლდინგში“ ამტკიცებენ, რომ შეთანხმება შედგა, თუმცა „სვეტისგან“ საჭირო დოკუმენტაცია ვერ მიიღეს.
ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, „სფერო ჰოლდინგი“ მზად იყო, გადახდილი თანხა დაებრუნებინა „სვეტთან“ მოდავე მენაშენეებისთვის. კომპანიის დამფუძნებელს თანხების გასასტუმრებლად შესაბამისი სქემაც ჰქონდა, თუმცა „სვეტმა“ ამჯერად „სფერო ჰოლდინგთან“ დაარღვია ვალდებულება.
კომპანია „სვეტში“ „სფერო ჰოლდინგის“ ბრალდებებს ბრალდებებით პასუხობენ. ამბობენ რომ გივი წულეისკირთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არასრულია და ამიტომ სარჩელის შინაარსი სამართლებრივად გაუმართავია.
კომპანია „სვეტი დეველოპმენტის საქმეზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება თანხის სავარაუდო მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. საქმეზე დაახლოებით 1900 მენაშენეა გამოკითხული.