საპარლამენტო ოპოზიცია დამოუკიდებელ ექსპერტ ნონა მიხელიძეზე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისა და საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ მწვავე ანგარიში მოამზადა, განხორციელებულ ინტერნეტთავდასხმას ეხმაურება.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მმართველი გუნდი შეცდომების აღიარების ნაცვლად, კრიტიკულ აზრს დევნის და ამისთვის სოციალური ქსელებით თავდასხმის მეთოდს იყენებს.
„თავს ესხმიან იმ ინსტიტუციებს, რომლის ნაწილიც ჩვენ გვინდა, რომ გავხდეთ. ეს არის უკიდურესი სიბეცე და არაკომპეტენტურობა და შეიძლება მიზანმიმართული პოლიტიკაც, რომ ნელ-ნელა დაგვაშორონ იმ ჩვენს მისწრაფებებს, რაც გვაქვს. ეს არის ევროატლანტიკური არჩევანი. რაც შეეხება ტროლებსა და ბოტებს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება იყენებს ასეთი ტიპის მექანიზმებს იმისთვის, რომ თავს დაესხან განსხვავებული აზრის ადამიანებს. ხან იყენებენ იმისთვის, რომ კვირიკაშვილის ფეიჯები დაალაიქონ ტროლებმა და ბოტებმა, ხან იყენებენ იმისთვის, რომ კრიტიკული ხმა ჩაახშონ,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.
ოპოზიციის აზრით, ხელისუფლება პრორუსულ და შავრაზმულ ძალებთან ერთად თავს ესხმიან ყველა იმ ადამიანს, ვინც „ქართული ოცნების“ მმართველობას აკრიტიკებს.
„ყველა ჯერზე, როდესაც ვინმე აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, იქნება ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე თუ უცხოელი, ყველა ხდება ერთდროულად თავდასხმის ობიექტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, რასაც თან ერთვის რუსული პროპაგანდისტული მანქანა და ასევე შავრაზმული ფაშისტური ჯგუფები ქვეყნის შიგნით, რომლებიც სინქრონულად მოქმედებენ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანასთანაც და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთანაც,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.