რუსული მედია ფორუმი თბილისში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ღონისძიების ერთ-ერთმა ქართველმა მონაწილემ ფორუმის ორგანიზატორებს ხმამაღალი რეპლიკით შეახსენა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
„რეალურად კმაყოფილი ვარ ამ ფორუმით. როდესაც ჩავხედე სპიკერების სიას, მივხვდი, რომ დონე ზღვარს ქვემოთ იქნებოდა. ძალიან კარგია, რომ პუტინის ფონდიდან იხარჯება ფული. აქ ზის ამხანაგი მალაშენკო, რომელიც თავის თავს საბჭოთა კავშირის კი არა, რუსეთის იმპერიის წარმომადგენლად მიიჩნევს. შეგიძლიათ გააგრძელოთ, მე კი დროს ვერ დავკარგავ,“-განაცხადა ლანა ღვინჯილიამ, რის შემდეგაც მან დატოვა პუტინის საპრეზიდენტო გრანტით დაფინანსებული ღონისძიება.
განმარტებები მან დარბაზის გარეთაც გააკეთა.
„რადგან ჩვენი სახელმწიფო ვერ იყენებს სათანადოდ არსებულ ბერკეტებს, რომ რუსულ პროპაგანდისტებს არ ჩაატარებინოს, არ შემოუშვას პუტინის დაფინანსებული პროექტი საქართველოში. არ დაუშვას ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ პუტინის ფონდიდან ფინანსდება და არიან პროპაგანდისტები ჩვენ ვცდილობთ რაღაც როგორც შეგვიძლია ეს გავაგებინოთ. ძალიან დაბალი დონეა. ძალიან მოუმზადებელი და არაარგუმენტირებული საუბარია. ძალიან კარგად ეტყობა ამხანაგ მალაშენკოს, რომ ძალიან ანერვიულებულია და ამას არ ელოდებოდა. რა თქმა უნდა უფრო კარგი იქნება რომ ცოტა მეტი ძალისხმევა დავხარჯოთ ყველამ, რომ ესეთი ფორუმები არ ჩატარდეს საქართველოში მაგრამ ჯერჯერობით ეს არის რაც შეგვიძლია,“-განაცხადა ლანა ღვინჯილიამ.
დღევანდელ ფორუმზე დარეგისტრირდნენ სამოქალაქო აქტივისტები და მათი მთავარი მიზეზი იყო შეეხსენებინათ რუსეთიდან ჩამოსული მონაწილეებისთვის, რომ რუსეთი ოკუპანტია.
„აქ არის ჩვეულებრივი პუტინის სამეგობრო. სპეცსამსახურის წარმომადგენლები და რამდენიმე ქართველიც ვნახე რომელთა ლუსტრაციაც მოხდა. ნუ ასაკიანი, კარგად მოზრდილი სპეცსამსახურის წარმომადგენლებიც. ფაქტი სახეზეა. მოვედით, მოვისმინეთ. გარეთ რაღაც პროვოკაციად შეაფასეს მაგრამ მოვედით ცხადად მოვისმინეთ. მაგრამ არ იცვლება რუსეთი რა, რუსი არის ოკუპანტი,“-განაცხადა შმაგი ჩოხელმა
ფორუმის მონაწილეები, რომლებმაც ღონისძიება დატოვეს ამბობენ, რომ საუბარი ისეთ უინტერესო თემებს შეეხება, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არ არის. ამიტომ ამ ფორუმზე დარჩენის საჭიროებას ვერ ხედავენ.
„ისეთ თემებში გაიჭრნენ უკვე, რომ რაღაც იქ კუბის და კარიბის კრიზისი .... რაღაც 60-იანი წლები, 70-იანი... საბჭოთა კავშირის დანგრევა დ ა.შ. არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს მიმდინარე მოვლენები და მიმდინარე გამოწვევები. მაგალითად მე მაინტერესებს რა ხდება და რატომ გააქტიურდნენ თრუსოს ხეობაში, რა იქნება მათი პასუხი ჩვენს ახალ სარჩელზე სტრასბურგში. აი ასეთები მაინტერესებს და როცა არ მპასუხობენ და რაღაცეებს მიედ -მოედებიან, დიდი ბოდიში, აღარ ვესწრები,“-განაცხადა გია აბაშიძემ.