22 დეკემბერი 2024,   15:49
ვრცლად
საარჩევნო გარემო საქართველოში - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე ბრიუსელში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე ბრიუსელში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს ცალ-ცალკე შეხვდნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, დავით ბაქრაძე მეორე დღეა ევროკავშირის დედაქალაქში შეხვედრებს მართავენ.

მათი თქმით, ევროკომისართან შეხვედრისას საუბრის ძირითადი თემა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და საარჩევნო გარემო იყო.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ევროკომისართან შეხვედრის დროს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ვაშაძის განცხადებით, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყანა არ ვითარდება.

„ვისაუბრეთ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობაზე, ვისაუბრეთ იმ დემოკრატიის დეფიციტზე, რომელიც ამ კამპანიას თან ახლავს. ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს მოქალაქე უპირისპირდება და იმაზე, რომ სამწუხაროდ, ყველასთვის, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისთვისაც, „ქართული ოცნების“ ერთი მთავრობის მეორეთი გამოცვლამ არაფერი არ მოუტანა ქვეყანას და სადაც გუშინ იყო საქართველო, დღესაც იქ არის, ანუ არსად, თავისი არაპროფესიონალი მთავრობის გამო,“ - განაცხადა ვაშაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა დიდი რაოდენობის მობილიზებაზე გაუსვა ხაზი ევროკომისართან შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ.

„აუცილებელია, რომ ამ არჩევნებზე იყოს ბევრი დამკვირვებელი, რაც გამორიცხავს არჩევნების გაყალბებას და ასევე, ბუნებრივია, ჩემი მხრიდან ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და აქ ჩემი შეფასებით, არის ორი მთავარი მიმართულება, პირველი, უკავშირდება ქართველების ლეგალურად დასაქმებას ევროკავშირში და მეორე, საქართველოსთვის ევროკავშირის რეგიონულ ფონდებზე წვდომას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ევროკომისართან შეხვედრამდე პრეზიდენტობის კანდიდატებმა EPP-ის პრეზიდენტთან გამართეს კონსულტაციები. 

პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის ვიზიტი ბრიუსელში დღეს დასრულდება.

დღის ამბები