მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს. „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებს, თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს გამოუცხადებს მხარდაჭერას საპრეზიდენტო არჩევნებში.
საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომ არ ეყოლება მმართველ გუნდს და ეს პოზიცია, რომ არ შეიცვლება, ამაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძე.
თალაკვაძე მეორე ტურის ჩატარებასაც არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ კანდიდატებს გამარჯვების შანსი პირველივე ტურში აქვთ.
„პოლიტსაბჭოს სხდომაზე გვექნება მსჯელობა და გადაწყვეტილებას უკვე გაგაცნობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის, რომ ჩვენ კანდიდატურას არ ვაყენებთ ამ არჩევნებში და საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი არ მიიღებს მონაწილეობას, ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
დამოუკიდებელი კანდიდატისთვის კანონით გათვალისწინებულ მხარდაჭერაზე, მათ შორის, ფინანსურზე, საუბრობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი.
„კანონი რა მასშტაბითაც გვაძლევს და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მხარი დავუჭიროთ კანდიდატს, რომელიც ჩვენი ნომრით არ მონაწილეობს საარჩევნო პროცესში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შესაძლებლობები არის. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, შეუზღუდავად მონაწილეობა კამპანიაში, გარკვეული შემოწირულობების გაკეთებაც, რაც შესაძლებლობები არის და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოში მივიღებთ ჩვენ მონაწილეობას,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილი თავს იკავებს იმ კონკრეტული გვარის დასახელებისგან, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დაუჭერს. ასევე არ აზუსტებს, გუნდის წევრების რა ნაწილი უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს.
საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით პარტიის გადაწყვეტილებას ელოდება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გუგული მაღრაძე. მისი თქმით, უმრავლესობის გადაწყვეტილებას გაიზიარებს.