19 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
უმაღლესი გარანტიების შემცირებასთან გვაქვს საქმე - ნაცვლიშვილი პრეზიდენტის დაცვის შესახებ შემუშავებულ კანონპროექტს აკრიტიკებს 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე აღარ ეყოლება, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი კრიტიკულად აფასებს.

ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მინიშნებაა მომავალი პრეზიდენტისათვის, რომ მისი უსაფრთხოება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, დამოკიდებული იქნება მთავრობის გადაწყვეტილებასა და მათ კეთილ ნებაზე.

„ახლა შემოთავაზებულია საკანონმდებლო ცვლილება, როდესაც კანონი კი აღარ იქნება ამ გარანტიის მიმცემი პრეზიდენტისთვის, არამედ ეს უნდა გადაწყვიტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობამ. პრეზიდენტი არის სახელმწიფო მეთაური, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობის და დამოუკიდებლობის გარანტი და ამ როლის ეფექტური შესრულება ძალიან მნიშვნელოვნად საჭიროებს უმაღლეს გარანტიებს უსაფრთხოების და დაცულობის და სწორედ ამ უმაღლესი გარანტიების შემცირებასთან გვაქვს ახლა საქმე, რაც არის არასწორი,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მოქმედი რედაქციით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ ან დროებით ადგილსამყოფელში.

კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოამზადა და ის განსახილველად მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

დღის ამბები