ევროპარლამენტის სოციალისტური ფრაქციის ლიდერი საქართველოს წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს და „ქართული ოცნების“ მიღწევებზე ამახვილებს ყურადღებას. სერგეი სტანიშევის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს თავს მოახვია ავტორიტარული რეჟიმი, სადაც არ იყო კანონის უზენაესობა, ახლა კი საზოგადოება თავისუფლად ცხოვრობს.
სტანიშევი ევროპარლამენტარ ანდრეის მამიკინსის ფრაქციის ლიდერია. სწორედ მამიკინსის ანგარიშის გამკაცრებაზე მუშაობს ახლა ევროპარლამენტი.
„ევროპელი სოციალისტები აერთიანებს ევროკავშირის ყველა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, აქვს ძლიერი კავშირები „ქართულ ოცნებასთან“, რადგან ჩვენს ოჯახს ორი წლის წინ შემოუერთდა. დემოკრატია გაუმჯობესების მუდმივი პროცესია, ას არასდროსაა სრულყოფილი, სააკაშვილის მიერ თავსმოხვეული ავტორიტარული მმართველობის შემდეგ, როდესაც არ იყო კანონის უზენაესობა, ძალებს შორის ბალანსი, თუ ხარ გულახდილი საკუთარი თავის მიმართ, შეგიძლია, ჰკითხოთ, ცხოვრობთ თუ არა დღეს უფრო თავისუფლად და თავისუფალ საზოგადოებაში, ჩემი აზრით, პასუხი იქნება - დიახ. ეს არის „ქართული ოცნების“ და მთავრობის მიღწევაც.
"ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას, რეგულარულად მზადდება ანგარიშები ევროპარლამენტში ქვეყნის პროგრესზე, მიღწევებსა და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებაზე. ის ფაქტი, რომ დღეს ქართველები სარგებლობენ ვიზა-ლიბერალიზაციის სისტემით, ამ პროგრესის დამსახურებაა. პროგრესი კი რეალურია, რაც „ქართული ოცნების“, მთავრობისა და ქართული საზოგადოების მიღწევაცაა,“- განაცხადა სერგეი სტანიშევმა.