22 დეკემბერი 2024,   16:47
ვრცლად
ომეგა ჯგუფის საქმე - "ქართული ოცნების" ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს ლონდონის სასამართლოში დაიბარებენ

ომეგა ჯგუფის საქმე - ქართული ოცნების ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს ლონდონის სასამართლოში დაიბარებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია იბერია ავრცელებს. 

საქმე ეხება ომეგას წინააღმდეგ რამდენიმე პირის მიერ უკანონო გზით განხორციელებულ სამართალდარღვევებს.

ტელეკომპანიის იბერიის ინფორმაციით, ცნობილმა საადვოკატო ფირმამ, ფილდ ფიშერმა, შეტყობინება სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს, უკვე გაუგზავნა.

ომეგა ჯგუფის გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი აღნიშნავს, რომ ლევან ყიფიანის გარდა კიდევ სხვა გვარებიც არის დასახელებული საადვოკატო ფირმის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებაში. თუმცა, ყიფიანის გარდა ამ დრომდე სხვა გვარები არ სახელდება.

ლევან აღდგომელაშვილი ასევე ეხმაურება ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ომეგა ჯგუფში შემავალ კომპანია ოჯთ-ს საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად გრაფიკით გადახდა შეთავაზეს. 

აღდგომელაშვილის თქმით, მინისტრის ეს განცხადება დაუსაბუთებელია.

„ფინანსთა მინისტრის განცხადება გუშინ იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. მან ახსენა შემოთავაზება - გრაფიკი, რომელიც, თურმე, გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე რესტრუქტურიზაცია. ეს ტყუილი არის იმიტომ, რომ რესტრუქტურიზაცია ითვალისწინებს საურავების გაყინვას გარკვეული პერიოდით. ნებისმიერი სხვა გრაფიკი საურავების გაყინვას არ ითვალისწინებდა და ნებისმიერი, რაც უნდა შემოეთავაზებინათ, საურავს მაინც გაზრდიდა,“ - განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.

ტელეკომპანია იბერიას მხარდაჭერას უცხადებს იურისტი, იურიდიული ფირმა ირაკლი ღლონტი და პარტნიორების დირექტორი, ირაკლი ღლონტი.

„დავიცავ ბოლომდე იმიტომ, რომ დაუშვებელია, ჩვენ უფსკრულისკენ მიმავალ ხელისუფლებას გავაყოლოთ ინსტიტუციები და ჩვენი კონსტიტუციური უფლებები,“ - განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

შეგახსენებთ, რომ არხის მფლობელმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნატო ჩხეიძემ გუშინ განაცხადა, რომ მას კომპანიის ფინანსური პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, ტელეკომპანია იბერიას დათმობას სთავაზობდნენ.

ტელეკომპანია უკვე მეორე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

დღის ამბები