19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
სემ პატენი, რომელსაც სააკაშვილი შანტაჟში ადანაშაულებს, ბიძინა ივანიშვილისგან აშშ-ში ლობირებისთვის თვეში 45 ათას დოლარს იღებდა

ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის რუსულ კავშირებზე დაწყებული სასამართლო პროცესი 24 სექტემბერს გაგრძელდება. პროცესამდე ორი კვირით ადრე ვრცელდება სენსაციური ინფორმაცია, რომ მანაფორტის ადვოკატები პროცესის თავიდან ასაცილებლად პირდაპირ ბრალის აღიარებას აპირებენ.

ლობისტ სემ პატენის მიერ ბრალის აღიარებამ და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე დათანხმებამ, ამერიკის პოლიტიკურ წრეებში მთავარი შეკითხვა გააჩინა - არის ეს დამოუკიდებელი საქმე თუ დაკავშირებულია ტრამპის კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელთან, პოლ მანაფორტთან.

18-პუნქტიანი ბრალდებიდან მანაფორტი დამნაშავედ 8 პუნქტში ცნეს და უმეტესობა ფინანსურ დანაშაულს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან კავშირში არ არის, მანაფორტი მალერის საგამოძიებო ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. მასთან ერთად უკვე სემ პატენიც.

სემ პატენი ისევე, როგორც პოლ მანაფორტი, ის თანამშრომლობდა უკრაინულ წრეებთან, კერძოდ კი უკრაინის პრორუსი ლიდერის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვასთან. ახლო ურთიერთობა ჰქონდა კონსტანტინ კილიმნიკთან - რუსეთის სამხედრო უწყების მიერ დატრენინგებულ ლინგვისტთან.

სემ პატენის კავშირები საქართველოსთან იმ დროიდან იწყება, როდესაც მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. თუმცა, როგორც პარტიის მაშინდელი გუნდი განმარტავს, პატენი კონსულტანტად არავის დაუქირავებია. მმართველ პარტიას იმ დროს ლობისტურ საქმიანობას ამერიკული ფირმა „გრინბერგ ქუინლანდ როზნერი“ უწევდა, რომელმაც თავის მხრივ დაიქირავა სემ პატენი საქართველოში სამუშაოდ და მისი მოვალეობა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ განმარტავს, უკიდურესად შეზღუდული იყო.

სემ პატენი ივანიშვილის ჯგუფის ლობისტად მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე გამოჩნდა. 2011 წლის ნოემბრიდან ივანიშვილი ლობირებისთვის პატენს თვეში 20.000 დოლარს უხდიდა, მის პარტნიორ ლობისტურ ჯგუფ BGR-ს კი თვეში 25.000 დოლარს.

იგივე ფირმა ქირაობდა ორი სხვადასხვა დოკუმენტის მიხედვით BGR-ს და სემ პატენს ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებზე“ სამუშაოდ. ალასანიას თანაგუნდელები განმარტავენ, რომ პატენი "თავისუფალი დემოკრატების" კონსულტანტი იყო და მათ სოციალურ კვლევებში ეხმარებოდა.

სემ პატენის სახელთან დაკავშირებით მორიგი ხმაური გასულ კვირას დაიწყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეერთებულ შტატებში ჯონ მაკკეინის დასაფლავებაზე ჩამოვიდა. სააკაშვილი CNN-შიც მიიწვიეს, სადაც მან მოულოდნელად წაიკითხა მუქარის შემცველი გზავნილები, რომლებიც, როგორც განმარტა, გიორგი არველაძემ სემ პატენისგან მიიღო და რომელშიც პატენი მიხეილ სააკაშვილს გაჩერებას ურჩევდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის შესახებ ამბების გახმაურებით იმუქრებოდა.

24 სექტემბერს პოლ მანაფორტის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი იმართება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანაფორტის ადვოკატები ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად გამომძიებლებთან ბრალის აღიარებას განიხილავენ. 

დღის ამბები